Search
  • Sopo Chikhladze

ქართული სამზარეულოს პირველი მოგზაურობა გასტრონომიულ სამყაროში.

Updated: Mar 25, 2019

ალბათ ხშირად გსმენიათ ან თავად ყოფილხართ იმის შემსწრე თუ როგორ გამოხატავენ აღტაცებას ქართული სამზარეულოსა და ღვინის მიმართ საქართველოში ჩამოსული ტურისტები. ასევე შეამჩნევდით, ქართულ სუფრაზე შეყვარებულები როგორი მონდომებით იწყებენ ქართულ ენაზე საუბარს. ალბათ საზღვარგარეთაც შეხვედრილხართ ქართულ რესტორნებს ან ქართულ პროდუქტებს, რომელსაც როგორც თავიანთს ისე ასაღებენ. ეს პრობლემა ბევრად უფრო გლობალურია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.


აღმოჩნდა, რომ მეზობელი ქვეყნები სხვადასხვა მსოფლიო დონის გასტრონომიულ გამოფენებზე და მსოფლიოს წარმატებულ შეფ-მზარეულებთან თავს ქართული ძირძველი პროდუქტებით იწონებენ. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ საქართველო არც თუ ისე ცნობილია მსოფლიო გასტრონომიულ რიგებში. გაჩნდა კითხვა, რატომ არ შეიძლება ქართულ პროდუქტებს, კერძებსა და ღვინოს თვითონ საქართველო წარადგენდეს მსოფლიოს წინაშე.


ჰოდა, ასე დაიწყო გასტრონავტის თავგადასავალი  - ბრძოლა დიადი მიზნისთვის! საქართველო გახდეს ბოკუზ დორის - მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის წევრი და თავად გახადოს ცნობილი ქართული სამზარეულო მსოფლიო მასშტაბით, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო პლათფორმაა ზემოაღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლისთვის.


2 წლის დაუღალავი შრომისა და დიდი სურვილის შედეგად გასტრონავტის გუნდმა შეძლო გაეერთიანებინა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები და შეექმნა ჯგუფი, რომელსაც შესაძლებლობა ექნებოდა ქართული სამზარეულო და ღვინო - ქართული კულტურა წარედგინა ისეთ მნიშვნელოვან გასტრონომიულ გამოფენაზე, როგორიც Sirha 2019-ია და რომლის ფარგლებშიც პარალელურად მსოფლიო კულინარიული ჩემპიონატი - Bocuse d’Or ტარდება.


შეიქმნა ახალგაზრდა შეფ-მზარეულებისგან დაკომპლექტებული გუნდი, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით. რატომ ახალგაზრდები? რადგან ვფიქრობთ, რომ ისინი საქართველოს მომავალს წარმოადგენენ და მათში ზუსტად ის განვითარების პერსპექტივა და პოტენციალია, რომელიც წინსვლისა და ამ სფეროში წარმატების მიღწევის გარანტია.


ამ მიზნით ჩაეყარა საფუძველი პროექტს Georgia * The Art of Feast - საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პროექტის კონცეფცია, ლოგო, ბრენდინგი, სტენდი და რაღა თქმა უნდა საკვების მენიუ.







ვიაზრებდით რა, რომ რთული ამოცანის წინაშე ვიდექით, 5 დღის განმავლობაში გაგვეცნო მსოფლიოსთვის საქართველო, რომლის ადგილმდებარეობის ახსნაც კი გვიწევდა ხშირ შემთხვევაში, გადავწყვიტეთ გამოფენაზე პერსპექტიული ადგილმდებარეობა შეგვერჩია. საქართველოს სტენდი ე.წ. “Partner Village”-ში განთავსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ძირითადად გასტონომიული სფეროს ნამდვილი პროფესიონალები ნახავდნენ. სომელიეები, რესტორატორები, შეფები, food blogger-ები და სხვა ამ სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი პირები. ამან განაპირობა ის, რომ საქართველო წარსდგა მთავარ სცენაზე, ე.წ Main stage-ზე.



Main stage - ეს არის საერთო სამზარეულო სივრცე, სადაც ლატარიის პრინციპით თითოეულ ქვეყანას ამოსდის კონკრეტული ინგრედიენტი, რისი საშუალებითაც უნდა მომზადდეს კერძი, რომელსაც სფეროს პროფესიონალები დააგემოვნებენ და შეაფასებენ. ამ სიაში შეხვდებით მაგალითად ‘შეფების პაპის’ პოლ ბოკუზის შვილს -  ჯერომ ბოკუზს. Main stage თავისთავად საუკეთესო საშუალება იყო კარგად გაგვეცნო ქართული სამზარეულო ამ სფეროს გურუებისთვის.



რაც შეეხება სტენდს და უშუალოდ გამოფენის 5 დღეს, არ გვსურდა ვიზიტორებისთვის შეგვეთავაზებინა მხოლოდ საკვები და სასმელი. გასტრონავტის გუნდის მიზანი იყო რაც შეიძლება ეფექტურად წარმოგვეჩინა საქართველო და მისი კულტურა. გადავწყვიტეთ ძირითადი აქცენტი ქართულ უნიკალურ ტრადიციაზე - ქართულ სუფრაზე და მის მრავალფეროვან ტრადიციაზე გაგვეკეთებინა, რაც ვთლით, რომ საქართველოს გამოარჩევს სხვა სამზარელოებისგან.


შევეცადეთ მაქსიმალურად ინფორმაციულები ვყოფილიყავით. საქართველოს სტენდი იყო საკვების, სასმელის, ინსტალაციების და ადამიანების ერთობა. თითოეულ სტუმარს უხსნიდნენ კერძების წარმომავლობას, ასინჯებდნენ ღვინოს და უყვებოდნენ თამადაზე, აჩვენებდნენ ქვევრის ინსტალაციას და უხსნიდნენ რა არის მასში უნიკალური. უყვებოდნენ ისტორიებს, ატარებდნენ მასტერკლასებს და ცდილობდნენ მაქსიმალურად კარგად დაენახებინათ ქართული სუფრის ხელოვნება.



ხაჭაპური, ხარჩო, ჩაქაფული, ხინკალი, დამბალხაჭო. ეს იმ კერძების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველომ 30,000 საერთაშორისო სტუმრის წინაშე წარადგინა.


ავთენტური კერძები, რომელიც მზადდებოდა ძველი რეცეფტებით. პროდუქტები, რომელიც მშობლიური კუთხეებიდან წავიღეთ ლიონში. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ქართული სამზარეულოს სურნელი და ბუნებრივობა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ვიზიტორებში. ფხალეული ნამდვილი სამოთხე აღმოჩნდა ვეგანებისთვის. ასევე დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა გუდისა და ტენილის ყველმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხინკალმა ერთი ნახვით მოიპოვა ყველას სიყვარული.


რა თქმა უნდა ქართულ სტენდს არც ტკბილეულისა და ღვინის მოყვარულები დაუჩაგრავს. დიდი ინტერესით ისმენდნენ მასტერკლასებს. აგემოვნებდნენ სხვადასხვა კერძებსა თუ ღვინოს და უკანაც ბრუნდებოდნენ, ოღონდ არა მარტო, არამედ მეგობრებთან ერთად.


მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულმა სამზარეულომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ჩვენი მიზანი მიღწეულია! მაქსიმალურად სწორ ხალხთან დავამყარეთ კომუნიკაცია, საქართველოზე გაჩნდა ინფორმაცია Bocuse d’Or-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, და რაც მთავარია ქართული სამზარეულო გავაცანით მსოფლიოს და იგი მოხვდა მსოფლიო კულინარიულ რუქაზე.






ახლა უკვე საქართველო ბოკუზ დორის მეგობარი ქვეყანაა და გასტრონავტი კიდევ უფრო დიდი ძალებით იმუშავებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად შევიდეს ბოკუზ დორის ოჯახში.


ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამა წლის ნოემბერში, საქართველოში ჩატარებული შიდა შესარჩევი ჩემპიონატი იქნება, რომელიც გასტრონავტის ორგანიზებით ჩატარდება. საბოლოო ჯამში კი მთელი პროექტი ემსახურება გრძელვადიან მიზნებს: ერთის მხრივ ქართულმა სამზარეულომ საპატიო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო გასტრონომიაში. ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში განვითარდეს გასტრონომიული სფერო, გაიზარდოს მომსახურების ხარისხი და ქვეყანა მუდმივად ისწრაფვოდეს ახალი ამბიციებისა და მიზნებისკენ.



#Gastronaut #Artogastro #გასტრონავატი #ThaArtofFeast #BocusedOr #BocusedOr2019 #Sirha2019 #Roadtosirha


1,180 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now